ადამია, გივიგივიადამიაAdamia, GiviGiviAdamia2025-03-102025-03-102019https://lawjournal.ge/4-2019-33-47/https://openscience.ge/handle/1/8109„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - „კანონი“) არსებული სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი ნორმების უმთავრეს მიზანს - ისევე, როგორც იმ ნორმებისა, რომლებიც კონკურენციის შემზღუდავ შეთანხმებებს, შეთანხმებულ ქმედებებს, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და კონცენტრაციას შეეხება, წარმოადგენს ბაზრის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება. მაგრამ, მაშინ, როდესაც კონკურენციის სამართლის კლასიკური ინსტრუმენტები მიმართულია ეკონომიკური აგენტებისაგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთისაკენ, სახელმწიფო დახმარების სამართალი გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს საკუთრივ სახელმწიფოს და ადგენს მის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შინაარსისა და ფორმის სტანდარტებს. ის განსაზღვრავს კონკურენციის ბუნებრივ პროცესში სახელმწიფოს ჩარევის ინტენსივობის მასშტაბებს. სახელმწიფო დახმარება, როგორც წესი, გულისხმობს ეკონომიკური აგენტის მიერ სახელმწიფოს ხარჯზე გარკვეული სარგებლის მიღებას, რაც მას შესაბამის ბაზარზე, სხვა ეკონომიკურ აგენტებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობით უზრუნველყოფს. სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად შექმნილი მსგავსი უპირატესობა კი, საბოლოო ჯამში, უარყოფით გავლენას ახდენს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოზე. სწორედ ამიტომ, კრძალავს კონკურენციის სამართალი (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ეკონომიკური აგენტების სასარგებლოდ სახელმწიფო დახმარების გაცემას. შიდა ბაზრის პრინციპის არსებითი მნიშვნელობის გამო, სახელმწიფო დახმარების სამართლის როლი განსაკუთრებით დიდია ევროპული კავშირის მართლწესრიგში. ევროპული სახელმწიფო დახმარების სამართალი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს1 და, შესაბამისად, მოულოდნელი არაა ის ფაქტი, რომ ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა (შემდგომში - „ევროპული სასამართლო“) და ევროპული კომისიის მდიდარი და მრავალფეროვანი პრაქტიკა აერთიანებს სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით მიღებულ არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასა თუ განმარტებას, რომელსაც იურიდიული დოქტრინისა და პრაქტიკის განვითარების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროპული კავშირის კონკურენციის სამართალთან შედარებით ქართულ კონკურენციის სამართალში არც საკმარისი თეორიული საფუძველია შექმნილი და არც საკმარისი გამოცდილებაა დაგროვილი იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს სახელმწიფო დახმარების არსი და მისი მახასიათებლები. გარდა ამისა, ნორმათა ბუნდოვანი ფორმულირება, თავის მხრივ, გამორიცხავს მათი ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ამ სფეროში არსებული ამკრძალავი ნორმების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო დახმარების შემადგენელი ელემენტების ზუსტი იდენტიფიცირება და მისი ცნების სრულყოფილი დეფინიციის ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წინამდებარე ნაშრომიც, რომელშიც სახელმწიფო დახმარების აუცილებელი წინაპირობები განხილულია ევროპულ იურიდიულ დოქტრინასა და ევროპული სასამართლოს მიერ განვითარებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით. შედარებითსამართლებრივი კვლევის საფუძველზე კი ნაშრომის დასკვნით ნაწილში ჩამოყალიბებულია სახელმწიფო დახმარების ცნება და რამდენიმე რეკომენდაცია ქართულ სახელმწიფო დახმარების სამართალში განსახორციელებელ აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. მსგავსი კვლევის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე წარმოადგენს ევროასოცირებულ სახელმწიფოს და ესწრაფვის შიდა კანონმდებლობის ევროპული კავშირის სამართალთან დაახლოებას. ამ პროცესის ერთ-ერთ ქვაკუთხედს სწორედ კონკურენციის სამართალი და ამ სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკა წარმოადგენს. სრულყოფილი დაახლოებისთვის კი გადამწყვეტია ევროპული იურიდიული მეცნიერებისა თუ სასამართლო პრაქტიკის მიღწევების სიღრმისეული კვლევა და მისი გეგმაზომიერი გათვალისწინება.kaკონკურენციის სამართალისახელმწიფო დახმარებასახელმწიფო ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვაCompetition LawState AidRestriction of Competition by Public Authoritiesსახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედების სახელმწიფო დახმარებად კვალიფიკაციის პრობლემა ქართული და ევროპული კავშირის კონკურენციის სამართლის მიხედვითProspects for Private Enforcement of Competition Law in Georgia: A Case Study on Abuse of Dominant Positiontext::journal::journal article